პლანკის სიგრძიდან სამყაროს ზომამდე

images

  • 1.6×10-37 სანტიმეტრი – სამყაროში ყველაზე პატარა მანძილი, ე.წ. „პლანკის სიგრძე“. არსებობს ასევე „პლანკის დრო“ – ეს ის დროა, რასაც სინათლის სხივი ანდომებს პლანკის სიგრძის გავლას ვაკუუმში.
  • 10-26 სანტიმეტრი – ყველაზე მცირე ნაწილაკი – ნეიტრინო
  • 10-18 სანტიმეტრი – ზომა, რომლის იქეთაც ადამიანი ვერაფერს ზომავს, უბრალოდ აფასებს, ან ვარაუდობს.
  • 5×10-13 სანტიმეტრი – უმცირესი ზომა, რომელში ჩახედვაც ადამიანს ყველაზე ძლიერი მიკროსკოპით შეუძლია.
  • 10-6 სანტიმეტრი – უმცირესი ზომა, რომლის დანახვაც ადამიანს შეუიარაღებელი თვალით შეუძლია.
  • 24 კილომეტრი – ჩვეულებრივი ნეიტრონული ვარსკვლავის დიამეტრი. თუმცა მისი სიმკვრივე იმდენად მაღალია, რომ მისი ერთი მილილიტრი იწონის 500 მილიარდ კილოგრამს!!! (დაახლოებით იმდენს, რამდენსაც მთელი კაცობრიობა) მისი სიმკვრივე მზის სიმკვრივეს დაახლოებით 300-400 ტრილიონჯერ აღემატება და ატომბირთვების სიმკვრივეს უახლოვდება.
  • 10 მილიონი კილომეტრი – ყველა ადამიანის ჯამური სიმაღლე, რაც 7-ჯერ აღემატება მზის დიამეტრს და თითქმის უტოლდება პოლუქსის – წითელი გიგანტის – დიამეტრს.
  • 2.8 მილიარდი კილომეტრი – ყველაზე დიდი ცნობილი ვარსკვლავის – VY Canis Majoris დიამეტრი. იგი მზის დიამეტრს 2000-ჯერ აღემატება! წარმოიდგინეთ თვითმფრინავი, რომელიც ამ ვარსკვლავს გარს უვლის 900 კმ/სთ სიჩქარით, ერთ შემოვლას დასჭირდებოდა 1100 წელი!!!
  • 17 მილიარდი კილომეტრი – ყველაზე დიდი მანძილი, რომელიც ადამიანის მიერ შექმნილმა ობიექტმა იარა. საუბარია ვოიაჯერ 1-ზე, ხოლო ეს მანძილი დაახლოებით 16 სინათლის საათს შეადგენს.
  • 140 მილიარდი კილომეტრი – მანძილი, რომელზეც ციური სხეული, სახელად „სედნა“ არის დაშორებული მზისგან. ის არის მზის სისტემის ჯერჯერობით ბოლო ობიექტი, რომელიც მზის გარშემო წრეს კრავს და ამას დაახლოებით 10 000 წელს ანდომებს.
  • 9.5 ტრილიონი კილომეტრი – მანძილი, რომელსაც სინათლის სხივი ვაკუუმში ერთი წლის განმავლობაში გაივლის, ე.წ. „სინათლის წელიწადი“.
  • ჩვენი გალაქტიკის, ირმის ნახტომის, დიამეტრი დაახლოებით 100 000 სინათლის წელიწადია, სისქე – 1 000 სინათლის წელიწადი.
  • 450 ათასი სინათლის წელიწადი – მანძილი, რომელიც დედამიწამ შექმნის დღიდან დღემდე გაიარა. დაახლოებით 4,5 სექსტილიონი (4 500 000 000 000 000 000 000) კილომეტრი
  • 2 მილიონი სინათლის წელიწადი – მანძილი, რაც ჩვენს გალაქტიკას უახლოეს გალაქტიკასთან (ანდრომედა) აკავშირებს.
  • 6 მილიონი სინათლის წელიწადი – დიამეტრი, რომელიც აქვს დღესდღეობით ცნობილ ყველაზე დიდ გალაქტიკას – IC 1101
  • გიგაპარსეკი – სიგრძის საზომი ყველაზე დიდი ერთეული, ტოლია დაახლოებით 3.3 მილიარდი სინათლის წლის.
  • და ბოლოს, 28 გიგაპარსეკი (93 მილიარდი სინათლის წელიწადი) – სამყაროს დიამეტრი.
Posted in Uncategorized | Leave a comment

მამის მკვლელობა

220px-Fleiti2_patara

მამის მკვლელობა კლასიკური ფსიქოანალიზის ერთ-ერთ საკვანძო სიუჟეტს წარმოადგენს. ზიგმუნდ ფროიდი ყურადღებას ამახვილებდა მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე და, მისი აზრით, სამი მსოფლიო შედევრის _ სოფოკლეს “ოიდიპოს მეფე”, შექსპირის “ჰამლეტი” და დოსტოევსკის “ძმები კარამაზოვების” _ თემა შემთხვევით როდია მამის მკვლელობა. იგი დანაშაულის ერთ-ერთი უძველესი სახეა და დალექილია თაობათა ფსიქიკაში, მათ ცნობიერებასა და ქვეცნობიერში “ოიდიპოსის კომპლექსის” სახით.

ნაშრომში “დოსტოევსკი და მამისმკვლელობა” (1927) ფროიდმა გამოიკვლია ამ დანაშაულის მოტივები რომანზე “ძმები კარამაზოვები” დაყრდნობით. ფროიდის თანახმად, “ოიდიპოსის კომპლექსის” მატარებლები არიან არა მხოლოდ ძმები კარამაზოვები, არამედ თავად ავტორიც. დოსტოევსკის მამა, რომელიც საკუთარმა ყმა-გლეხებმა მოკლეს, ძალიან სასტიკი კაცი იყო და შვილში დიდ შიშს იწვევდა. მომავალმა მწერალმა გადაიტანა როგორც უმძიმესი დანაკარგის სიმწარე, ასევე ტირანი მამისგან გათავისუფლების ტკბილი გრძნობა და ამის გამო სინდისის ქენჯნა. ამ განცდების თავისებურ გაგრძელებას წარმოადგენს მისი რომანი “ძმები კარამაზოვები”.

ფროიდის მტკიცებით მამის მკვლელობაში დანაშაული მიუძღვის ყველა ძმას, რამეთუ ყოველ მათგანში ცხოვრობდა არქაული “ოიდიპოსის კომპლექსი”. დიმიტრისათვის ძირითადი ბრალეულობა იყო მამასთან სექსუალური მეტოქეობის მოტივი, ივანესთვის კი _ იდეოლოგიური მოტივები; რეალურ მკვლელ სმერდიკოვს კი ფროიდი თვლიდა ყველაზე უბრალო ფიგურად, რომელიც მიმქრალი მოტივებით მოქმედებდა. ალიოშაც კი, მიუხედავად თავისი დადებითი თვისებებისა, იყო ჭანჭიკი იმ მექანიზმისა, რომელმაც მოძრაობაში მოიყვანა მამისმკვლელი მანქანა.

ფროიდის თეორიული პოზიციის რაციონალური აზრი მდგომარეობდა იმაში, რომ რომანის ოიდიპოსისეულ კოლიზიებში მკვლევარმა აღმოაჩინა მორალურ-ეთიკური და კრიმინალური მოტივაციის ახალი ფერები, მან ყურადღება მიაპყრო დანაშაულის აშკარა მოტივაციების გარდა კიდევ იმას, რომ არსებობს უფრო ღრმა გაუცნობიერებელი და იმორალურად ორიენტირებული მოტივები და ქმედებები.

მამის მკვლელობა გავცელებული არქეტიპია სხვადასხვა რელიგიებსა და კულტურებში, განსაკუთრებით ეს ბერძნული კულტურისათვისაა დამახასიათებელი.

* ბერძნული ეპოსში კრონოსი მოკლულ იქნა თავისი შვილის ზევსის და ცოლის, რეას მიერ.
* თავის მხრივ, კრონოსმაც მოკლა საკუთარი მამა ურანოსი და თვითონ გახდა უზენაესი ღმერთი.
* ბაბილონურ ეპოსში აბზუ მოკლულ იქნა საკუთარი შვილის, ეას მიერ ბრძოლაში, რომელიც ღმერთებს შორის უზენაესის ტიტულისთვის მიმდინარეობდა.
* ოიდიპოსის ბედისწერა იყო, რომ მას უნდა მოეკლა მამამისი, მეფე ლაიოსი და ცოლად შეერთო საკუთარი დედა, დედოფალი იოკასტე. ამ უსიამოვნო მოვლენის თავიდან აცილების მიზნით, როდესაც ლაიოსს ვაჟი შეეძინა, ფეხები შეუკრა (ოიდიპუს ნიშნავს ფეხებშეკრულს) და მონას გადასცა გადასაგდებად, მაგრამ მონას შეეცოდა ჩვილი და აღსაზრდელად მისცა მწყემსებს კორინთოში. როდესაც იგი გაიზარდა, შემთხვევით შეხვდა მამას მოგზაურობის დროს და მოკლა იგი, ხოლო შემდეგ დედა ცოლად შეირთო და უნებურად აღასრულა წინასწარმეტყველება.
* ჩინური რწმენის მიხედვით, ადამიანი, რომელიც საკუთარ მშობელს მოკლავს, მოკლულ იქნება მეხის დაცემით, როგორც სასჯელი ღვთაება ერლანგ შენისა.

ცვატა ბერძენიშვილი

Posted in Uncategorized | Leave a comment

ურუგვაელ მორაგბეთა მოგზაურობა: ტრაგედია ანდებში

კაცობრიობის ისტორიას ანთროპოფაგიის (კანიბალიზმის) მრავალი შემთხვევა ახსოვს, თუმცა ურუგვაელ მორაგბეთა შემთხვევა მათ შორის ყველაზე მეტად გამორჩეულია თავისი ტრაგიკული უცნაურობით.

თვითმფრინავი Fairchild FH-227D ურუგვაის სამხედრო-საჰაერო ძალებს ეკუთვნოდა. ის ასრულებდა ჩარტერულ რეისს მორაგბეთა კლუბის Old Christians-ის დაკვეთით, რომელიც ჩილეში მიფრინავდა. ჩარტერი საკმაოდ ძვირი ჯდებოდა, ამიტომ გუნდმა თავისუფალი ადგილები ოჯახის წევრებით, მეგობრებით და გულშემატკივრებით შეავსო. 45 მგზავრით დატვირთული ლაინერი 1972 წლის 12 ოქტომბერს დილით აფრინდა ჰაერში და სანტიაგოში უკვე დღის მეორე ნახევარში უნდა დაშვებულიყო. ცუდი ამინდის გამო თვითმფრინავი მთელი დღე-ღამით ქალაქ მენდოსაში გაჩერდა, მეორე დღეს კი კვლავ აფრინდა და გეზი პლანშონის უღელტეხილისკენ აიღო. აფრენიდან ერთ საათში პილოტმა სანტიაგოს სადისპეტჩეროს აცნობა, რომ მათ უღელტეხილს გადაუფრინეს და უკვე ჩილეს ქალაქ კურიკოს თავზე იმყოფებოდნენ. დისპეტჩერმა ნება დართო, კურსი მარჯვნივ აეღო და დაშვება დაეწყო.

სამწუხაროდ, თვითმფრინავმა ძლიერი შემხვედრი ქარის გამო სიჩქარე დაკარგა და მარჯვნივ მოხვევისას ის პირდაპირ მაღალი მთისკენ გაფრინდა. ლაინერმა ცალი ფრთა მთას გაჰკრა, რომელიც მყისიერად დაიფშვნა, რამაც თვითმფრინავს კუდი მოსწყვიტა და მასთან ერთად 7 მგზავრი გაიყოლა. მერე მეორე ფრთასაც იგივე ბედი ეწია და ფიუზელაჟი ხტუნვა-ხტუნვით ჩასრიალდა მთის ფერდობზე, ბოლოს კი თოვლში ჩაეფლო. როდესაც თოვლში ნახევრად ჩაფლული “ფეირჩილდის” მგზავრებს თავზე დაათენდათ, 45-დან მხოლოდ 28 მგზავრი იყო ცოცხალი.

ყველა მიხვდა, რომ მათი მდგომარეობა უიმედო იყო. ისინი 3 600 მეტრის სიმაღლეზე იმყოფებოდნენ, ღამით ყინვა -30 გრადუსამდე აღწევდა, სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელი მცენარეც კი არსად ჩანდა, რადიოს შეენარჩუნებინა მიღების ფუნქცია, მაგრამ სიგნალის გადაცემა არ შეეძლო, თვითმფრინავს თეთრი ზედაპირი ჰქონდა, რაც მას ჰაერიდან პრაქტიკულად უჩინარს ხდიდა, და, რაც ყველაზე მთავარია, ბორტზე საკვებისა და სასმლის ძალზე მცირედი მარაგი იყო: ცოტაოდენი შოკოლადი, რამოდენიმე კრეკერი, ჯემი, ღვინო და კონიაკი, რომელიც მენდოსაში გაჩერებისას იყიდეს.

თუმცა, არსებობდა გარემოებები, რაც მათ ოპტიმიზმის საფუძველს აძლევდა: ბუნებრივია მათი ძებნა დაიწყეს არგენტინის, ჩილესა და ურუგვაის საჰაერო ძალები სამაშველო ოპერაციაში ჩაერთვნენ. მგზავრებს არ ჰქონდათ წამლები, მაგრამ თან ახლდათ სამედიცინო ინსტიტუტის ორი სტუდენტი – რობერტო კანესა და გუსტავო ზერბინო – რომლებმაც თავიდანვე სათანადო უნარ-ჩვევები გამოავლინეს. ის ფაქტი, რომ უმრავლესობა ერთი გუნდის წევრი იყო, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. სწორედ გუნდურმა ძალისხმევამ პირველივე ღამეს გარდაქმნა გახსნილი ფიუზელაჟი სახელდახელოდ მოწყობილ თავშესაფრად. გუნდურმა სულისკვეთებამ გააძლებინა მათ კვირები და თვეები, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელოდათ.

რამდენიმე დღე მცირე ულუფებად შოკოლადს ჭამდნენ. თავზე ორმა თვითმფრინავმა გადაუფრინა, მაგრამ, ბუნებრივია, იქედან ვერ შენიშნეს. მეოთხე დღეს პატარა ჯგუფმა თოვლში სასიარულოდ მოსახერხებელი ფეხსაცმელები გააკეთა და სცადა, რომ თვითმფრინავის კუდი მოეძებნა, მაგრამ ვერაფერი იპოვეს და ქანცგაწყვეტილები უკან დაბრუნდნენ.

მერვე დღეს ჭრილობებისგან კიდევ ერთი მგზავრი – სუზანა პარადო – გარდაიცვალა. ორი დღის შემდეგ მგზავრებმა რადიოთი შეიტყვეს, რომ მათი თვითმფრინავის ოფიციალური ძებნა შეწყდა. ჩილეს, არგენტინის და ურუგვაის სამაშველო თვითმფრინავებმა, ძლიერი ქარის მიუხედავად, მთელ მიდამოს შემოუფრინეს, მაგრამ ვერაფერი შენიშნეს. ბუნებრივია, მშობლები შვილების დაკარგვას ვერ შეეგუებოდნენ და მათ საკუთარი სახსრებით დააფინანსეს სამძებრო სამუშაოები, თუმცა ამანაც ვერ მოიტანა სასურველი შედეგი. ამასობაში, მთაში საზარელი გადაწყვეტილება მწიფდებოდა.

რამოდენიმე ცოცხლად გადარჩენილ მგზავრს ერთდროულად მოუვიდა თავში კანიბალიზმის შესაძლებლობა. ახლა, როდესაც საკვები გამოელიათ, არჩევანი სიკვდილსა და კანიბალიზმს შორის უნდა გაეკეთებინათ. კანესამ ამის აუცილებლობის დასაბუთება გაბედა. მან თქვა, რომ გადარჩენის ერთადერთი გზა რამდენიმე ადამიანის იქედან გაღწევა იყო, ამას კი ძალა სჭირდებოდა. მან არგუმენტად რელიგიაც გამოიყენა: ეს უბრალოდ ხორცია, ამბობდა ის, ხოლო გარდაცვლილთა სულები უკვე ზეცაში არიანო. როცა ვიღაცამ იკითხა, თუ რას იფიქრებდა ამაზე მათი გარდაცვლილი მეგობარი, ზერბინომ ასე უპასუხა: თუ მისი სხეული მეგობრებს გადაარჩენდა, ეს ნაბიჯი უნდა გადაედგათ, ხოლო თუ ამას არ გააკეთებდნენ, ის მობრუნდებოდა და კარგად მიბეგვავდა მათ.

არსებობდა კიდევ ერთი ფაქტორი, რაც კანიბალიზმის იდეის განხორციელებას გააიოლებდა: ურუგვაელების ფესვები ისეთ კულტურასთან არის დაკავშირებული, რომელსაც დღემდე აქვს შემონახული უმი ხორცის ჭამის ჩვეულება, თანაც – დიდი რაოდენობით.

ბოლოს კანესა, ზერბინო და კიდევ ორი სხვა გარეთ გავიდნენ. კანესამ აიღო მინის ნატეხი, თოვლში ნახევრად ჩაფლულ გვამს ხორცის რამოდენიმე ნაჭერი ჩამოაჭრა და ფიუზელაჟის სახურავზე დააწყო, მერე ერთი ნაჭერი აიღო, ხანმოკლე ყოყმანის შემდეგ ხორცი პირში ჩაიდო და გადაყლაპა. უმეტესობამ მის მაგალითს მიბაძა, თუმცა ყველამ სხვადასხვანაირად გადალახა მორალურ-ფსიქოლოგიური ბარიერი: ზოგი ხოსე ალგორტას ნათქვამმა დაამშვიდა, რომელმაც თქვა, რომ “ეს ჰგავს წმინდა ზიარებას: ქრისტემ ადამიანებს შემოგვწირა თავი და საკუთარი სხეული გადმოგვცა იმ მიზნით, რომ ჩვენი სულები გადაგვერჩინა. ჩვენმა მეგობარმა ეს სხეული იმისთვის მოგვცა, რომ ფიზიკურად გადავრჩეთ”. საბოლოოდ ყველამ დაიწყო ხორცის ჭამა.

Survivrs Of Uruguayan Plane Crash Relax

ზოგი შედარებით იოლად მიეჩვია ახალ საკვებს მას შემდეგ, რაც ტაბუ მოიხსნა, ზოგმა კი ბოლომდე ვერ გაიზიარა მოყვანილი არგუმენტები. ერთნი თავად ამზადებდნენ საჭმელს და ამ პროცესში შინაგანი ბარიერის გადალახვას უფრო იოლად ახერხებდნენ, რის შემდეგაც უკვე უმი ხორცის ჭამაც შეეძლოთ. იყვნენ ისეთებიც, ვინც თავიდან არ ეკარებოდა ადამიანის ხორცს, მაგრამ ბოლოს დანებდნენ, თუმცა თავდაპირველად მხოლოდ ცხიმის გამოყენებას თანხმდებოდნენ. ვინც პირველებს შორის იყო ისინი ცოტა ხანში, კანესას რეკომენდაციით, შინაგანი ორგანოების, კერძოდ, გულისა და ღვიძლის ჭამაზე გადავიდნენ.

ამასობაში ერთი კვირა მიილია. ჯგუფის ლიდერები ექსპედიციის დაგეგმვას შეუდგნენ, მაგრამ მოულოდნელი კატასტროფა მოხდა: რამოდენიმე საათის ინტერვალით ორი ზვავი ჩამოწვა. პირველმა ცოცხლად დამარხა 8 ადამიანი, მეორემ კი თვითმფრინავი დაასამარა. გადარჩენილმა 18-მა ადამიანმა ფიუზელაჟიდან გამოსასვლელი გააკეთა, გარეთ გამოაღწია და ახალი ცხოვრება დაიწყო.

17 ნოემბერს, ავიაკატასტროფიდან თვეზე მეტი ხნის შემდეგ სამმა ახალგაზრდამ – რობერტო კანესამ, ფერნანდო პარადომ (დაღუპული სუზანა პარადოს ძმა) და ანტონიო ვიზინტინმა – მთიდან დაშვება დაიწყეს. კურიკოს თაობაზე პილოტის მიერ მიწოდებული მცდარი ინფორმაციის გამო მათ მცდარი მიმართულება აირჩიეს. ორ დღეში ისინი უკან დაბრუნდნენ, ამსობაში იქ კიდევ ერთი ადამიანი გარდაცვლილიყო.

17 დეკემბერს იგივე სამეულმა ახალი ექსპედიცია დაიწყო, ოღონდ საპირისპირო მიმრთულებით და მთის მწვერვალისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. მალე ვიზინტინი უკან გაგზავნეს ხორცის მარაგისთვის, კანესამ და პარადომ კი გზა განაგრძეს. სტარტიდან ოთხი დღის შემდეგ თოვლით დაფარული მთის კიდეს მიაღწიეს. ქვემოთ ბალახით და ყვავილებით დაფარული მიწა გადაიშალა. ამ დროისთვის კანესა ძლივს მოათრევდა ფეხებს, მაგრამ მათთვის უკვე ცხადი გახდა, რომ მიზანთან ახლოს იყვნენ.

მეორე დღეს ისინი ჩილელ გლეხს, სერხიო კატალანს, გადაეყარნენ, რომელმაც თავის სახლში წაიყვანა, დააპურა და მოასვენა. ეს 21 დეკემბერს, დღის მეორე ნახევარში მოხდა. ამგვარად, ისინი 70 დღის განმავლობაში იყვნენ დაკარგულები.

მერე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მოვიდნენ და საქმეში სამაშველო ჯგუფები ჩაერთვნენ. პარადო ვერტმფრენიდან კარნახობდა მაშველებს თვითმფრინავის სავარაუდო მდებარეობას, სადაც 16 ადამიანი რჩებოდა. მეორე დღეს ისინი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს. ცოტა ხანში ცნობილი გახდა, თუ რის ფასად მოახერხეს ამ ადამიანებმა გადარჩენა: ზოგმა მაშველებს, ზოგმა მღვდელს და ზოგმაც ექიმებს გაანდვეს, რომ მათ კანიბალიზმი ჩაიდინეს. ურუგვაელი იეზუიტი გადარჩენილებთან შესახვედრად მიიყვანეს. მათი მონათხრობის მოსმენის შემდეგ მან უყოყმანოდ განაცხადა, რომ დაკარგულები სწორად მოიქცნენ და დასძინა, რომ მასზე შთაბეჭდილება მოახდინა ამ ნაბიჯის ზიარებასთან შედარებამ.

მაგრამ საჯაროდ გამოსვლისას გადარჩენილები უარყოფდნენ მათ გარშემო აგორებულ მრავალგვარ ჭორს. და მხოლოდ მაშინ, მროდესაც მონტევიდეოში ჩავიდნენ, ისინი მიხვდნენ რომ რეალობას ვეღარაფრით დამალავდნენ. მოწყობილ პრესკონფერენციაზე ერთ-ერთმა გადარჩენილმა ალფრედო დელგადომ წინა პლანზე წამოსწია “ზიარებით მიღწეული გამართლება”. როდესაც საკვები გაუთავდათ მათ გამოსავალი იესოსა და საიდუმლო სერობის ამბავმა უკარნახა: თუკი იესოს შეეძლო გაეზიარებინა თავისი სხეული მოწაფეებისთვის, მაშინ რატომ არ შეეძლოთ მათ იგივე ჩაედინათ ერთურთისთვის?

ანდებში გადარჩენილთა ნაწილმა საკუთარი თავი დაარწმუნა იმაში, რომ ყველაფერი მართლაც ასე იყო, მაგრამ უმეტესობას მაინც მიაჩნდა, რომ “ზიარებით მიღწეული გამართლება” მხოლოდ დაეხმარა საზოგადოებას თანაგრძნობის გამოხატვაში, რაც მათ მიმართ გამოიჩინა კიდეც, და ამასთანავე, იმათ გრძნობებსაც გაუწია ანგარიში, ვისი ნათესავებიც და მეგობრებიც დაიღუპნენ და საკვებად იქცნენ.

ფერნანდო პარადომ 2006 წელს გამოსულ წიგნში – „72 დღე მთებში ანუ გრძელი გზა შინ” – ეს ამბავიც გაიხსენა:

„როცა მთებში ხარ, სხეული მალე იფიტება. ჩვენ წყალიც არ გვქონდა, ცხიმიან საჭმელზე კი მხოლოდ ვოცნებობდით. ჯერ თვითმფრინავის სავარძლებს ვჭამდით, მაგრამ პლასტმასმა და ბამბამ როგორ უნდა გაგაძლიეროს? ყველანი მორწმუნე კათოლიკეები ვიყავით და ძალიან გაგვიჭირდა ამ ნაბიჯის გადადგმა, ბევრი წინააღმდეგიც იყო, მაგრამ მალე ყველა მივხვდით, რომ თუ ცოცხლად დარჩენა გვსურდა, ეს ნაბიჯი უნდა გადაგვედგა. რთული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალი არ გვქონდა…”

მთა, რომელსაც თვითმფრინავი შეასკდა, ამ კატასტროფამდე უსახელო იყო, მოგვიანებით კი მას “ცრემლების პიკი” უწოდეს…

220px-Viven5

                                    ფერნანდო პარადო (მარცხნივ), რობერტო კანესა (მარჯვნივ), სერხიო კატალანი (დგას)

Posted in Uncategorized | 3 Comments

ტეკუმსეს წყევლა

ტეკუმსე გახლდათ ინდიელთა ტომის, შაუნის (ალგონკინელთა ერთ-ერთი ტომი) ბელადი. იგი 1768 წელს დაიბადა და საქვეყნოდ ცნობილია თავისი შეურიგებელი ბრძოლით ამერიკის მთავრობის წინააღმდეგ. მან თავის ძმა ტენსკვატავასთან (რომელიც ტომის შამანი, ანუ რელიგიური ლიდერი გახლდათ) ერთად მოახერხა მე-19 საუკუნის დასაწყისში გაეერთიანებინა ძველი აშშ-ს ჩრდილო-დასავლეთით მცხოვრები ტომები. ეს გაერთიანება ტეკუმსეს კონფედერაციის სახელით იყო ცნობილი.

ინდიანას გუბერნატორმა უილიამ ჰენრი ჰარისონმა პრეზიდენტ თომას ჯეფერსონისგან მიიღო ბრძანება, რომ გაეთავისუფლებინა ის ტერიტორიები, რომლებზეც აბორიგენი ინდიელები ცხოვრობდნენ. ჰარისონმა ინდიელებთან 1809 წელს დადებული შეთანხმება დაარღვია და ბრძოლა წამოიწყო. შეტაკებები რამოდენიმე წლის განმავლობაში გრძელდებოდა. 1811 წლის ნოემბერში ამერიკელების ჯარმა ინდიელთა გაერთიანებული ლაშქარი ტიპეკანოეს ბრძოლაში გაანადგურა. განრისხებულმა ტეკუმსემ ჰარისონს თავისი შამანი ძმის, ტენსკვატავას წერილი გაუგზავნა, სადაც მან დაწყევლა ჰარისონი და მისი შემდგომი ამერიკელი პრეზიდენტები. წყევლა შემდგომში მდგომარეობს: ამერიკის ყოველი პრეზიდენტი, რომელიც არჩეული იქნება იმ წელს, რომელიც უნაშთოდ იყოფა 20ზე, დაიღუპება საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე. ეს წყევლა ისტორიაში “ტეკუმსეს წყევლის” სახელით შევიდა. თავიდან ყველას ეს მისი შამანი ძმის ნაბოდვარი ეგონა, თუმცა შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა საპირისპირო დაამტკიცა და ყველაზე სკეპტიკოსებიც კი ჩააფიქრა.

  • 1840 უილიამ ჰარისონი მართლაც აირჩიეს პრეზიდენტად, ინაუგურაციაზე ის გაცივდა და ერთ თვეში (1841 წლის 4 აპრილს) პნევმონიით გარდაიცვალა.
  • 1860 წელს პრეზიდენტი გახდა აბრაამ ლინკოლნი, 1864 წელს მეორე ვადით აირჩიეს, 1865 წელს კი ის ფორდის თეატრში მსახიობმა ჯონ უილკს ბუტმა მოკლა.
  • 1880 წელს პრეზიდენტად აირჩიეს ჯეიმს გარფილდი, რომელსაც 1881 წელს რკინიგზის სადგურზე ჩარლზ გიტომ ესროლა. პრეზიდენტი რამოდენიმე დღეში გარდაიცვალა.
  • 1900 წელს მეორე ვადით აირჩიეს უილიამ მაკკინლი. 1901 წლის 6 სექტემბერს მას ანარქისტმა ლეონ ჩოლგოშმა ესროლა. პრეზიდენტს მიღებული ჭრილობებისგან განგრენა განუვითარდა და მალევე დაიღუპა.
  • 1920 წლის არჩევნებში უორენ ჰარდინგმა გაიმარჯვა. 1923 წლის 2 აგვისტოს იგი გულის შეტევით გარდაიცვალა.
  • 1940 წელს მეორე ვადით აირჩიეს ფრანკლინ დელანო რუზველტი. 1944 წელს ის მესამე ვადით გახდა პრეზიდენტი, თუმცა 1945 წელს გარდაიცვალა.
  • 1960 წელს საპრეზიდენტო არჩევნები ჯონ ფიცჯერალდ კენედმა მოიგო. 1963 წლის 22 ნოემბერს, დალასში, ლი ჰარვი ოსვალდმა მისი სიცოცხლეც შეიწირა.

ტეკუმსეს წყევლას 1980 წელს არჩეული პრეზიდენტი რონალდ რეიგანი გადაურჩა. მას ფსიქიკურად ავადმყოფმა ჯონ ჰიკლმა ესროლა. რეიგანს სიკვდილს მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ტექნოლოგიების წყალობით დაუძვრა. იგივე ჭრილობის გამო XIX საუკუნეში მას ვერავინ ვერ უშველიდა. რეიგანი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ტეკუმსეს წყევლას გადაურჩა. სხვათა შორის ამ ფაქტმა ხალხში კიდევ უფრო გაზარდა რეიგანის რეიტინგი და პოპულარობა.

2000 წელს ამერიკის პრეზიდენტად ჯორჯ ბუში-უმცროსი აირჩიეს. ისევე როგორც რეიგანს, ბუშსაც თავს დაესხნენ – 2001 წელს თეთრ სახლში რობერტ პიკეტმა სცადა მისი მოკვლა, ხოლო 2005 წელს თბილისში ვოვა არუთინიანმა, თუმცა თავდასხმელებმა მიზანს ვერც ერთხელ ვერ მიაღწიეს. ამ ორმა ფაქტმა შექმნა გარკვეული ვერსია, რომ ინდიელების წყევლამ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ მაგიური ძალა დაკარგა.

ამერიკელმა ასტოლოგებმა წამოაყენეს ვერსია – მათი აზრით ტეკუმსეს წყევლის ახდენის რეალური მიზეზი იუპიტერ-სატურნის შეერთება იყო, რომელიც მართლაც ოც წელში ერთხელ ხდება, მითუმეტეს, რომ გარდაცვლილ პრეზიდენტთა არჩევა სწორედ ამ ასტროლოგიურ კონფიგურაციას ემთხვეოდა, თუმცა ეს მხოლოდ ერთი და დაუდასტურებელი ვერსიაა.

ფაქტი ერთია: დღემდე დაუდგენელია, თუ რა არის ტეკუმსეს წყევლა – რეალური წინასწარმეტყველება თუ უბრალო დამთხვევა?

ამ კითხვაზე პასუხი დღემდე არ ჩანს.

Posted in Uncategorized | Leave a comment

“მოხუცი მეთევზე”

უნგრელი მხატვრის, ტივადარ კოსტკა ჩონტვარის ნახატზე “მოხუცი მეთევზე” (გნებავთ “მოხუცი მებადური”), რომელიც 1902 წელს შეიქმნა, არცთუ ისე დიდი ხნის წინ ფარული ქვეტექსტი აღმოაჩინეს.

Image

თუკი ნახატის შუაში ვერტიკალურად მოათავსებთ სარკეს, იქედან გამომდინარე, თუ საით იქნება მისი ზედაპირი მიმართული, შეგვიძლია დავინახოთ:

1. ღმერთი, რომელიც ნავში ზის, ხოლო მის უკან მშვიდი, ნათელი ზღვა და სანაპიროა.

Image

2. ეშმაკი, რომლის უკანაც ჩანს აქაფებული ტალღები და სურათს ძალიან პირქუში იერი ეძლევა.

0_58a89_31da1278_orig

Posted in Uncategorized | 1 Comment

”სიცრუის სიბრძნე”

მოკლედ, ჩემი ძველი ფეისბუქ-პოსტი დავარედაქტირე, რაღაცეები ჩავამატე, რაღაცეები ამოვაკლე და რაღაცეები შევასწორე.

წარმოგიდგენთ ქართველი მღვდლების მიერ სხვადასხვა დროს ”ამოფრქვეულ” მარგალიტებს:

XI ადგილი – მამა იაკობი: “ფემინისტები სატანას ემსახურებიან”

X ადგილი – მამა თომა: “ყველა კანონმორჩილი ადამიანი სატანისტია”

IX ადგილი – დეკანოზი ზურაბი: “ტიტანიკი ღმერთმა ჩაძირა”

VIII ადგილი – უცნობი (მთვრალი) მამაო: “დაგმე მიშა!”

VII ადგილი – მამა ელიზბარი: “ქართველი გეიები არ არსებობენ”

VI ადგილი – მამა დავითი: “ევროპის ქალაქებში ხალხი ტიტველი დადის”

V ადგილი – მამა გიორგი: “სუნამოს დასხმისას ჩვენში დემონი შემოდის”

IV ადგილი – მამა იობი: “იუსტიციის სახლები საქართველოში ნიადაგს ამზადებენ ანტიქრისტესთვის”

III ადგილი – მამა თეოდორე: “ზანგები ცოდვების გამო არიან შავები”

II ადგილი – მამა დავითი: “იაპონია ღმერთმა დასაჯა, რადგან იაპონელები გაიხრწნენ და ყველა ნაბიჯზე ბორდელი აქვთ გახსნილი”

I ადგილი – მამა შიო: ”მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეკლესიის ზარები კლავს ბაქტერიას”

გრან-პრი – უცნობი მამაო: ”როგორც ლომია ცხოველთა მეფე და არწივი ფრინველთა, ასევე ჩვენ ქართველები ვითვლებით, ადამიანთა მეფეებად”

ძალიან გამიჭირდა ადგილების მინიჭება, მაგრამ მაინც ვეცადე.

Posted in Uncategorized | 4 Comments

ერიხ ფრომი: “წითელქუდა”

Image

ერიხ ფრომი მეტად საინტერესო მოვლენაა ფსიქოლოგიის და, კერძოდ, ფსიქოანალიზის ისტორიაში. როგორც ძველი თაობის ფსიქოლოგთა უმრავლესობა, ფსიქოლოგიაში ისიც გვიან მივიდა. თავდაპირველად ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა და შემდგომ ამის გადაწყვიტა ფსიქოლოგიის შესწავლა. ასევე, ფროიდიანელთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ისიც პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა, მართალია ფროიდს პირადად არასოდეს შეხვედრია, მაგრამ მისი შრომები და მოსაზრებები ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა მასზე, იგი ითვლება ნეოფროიდიზმის ფაქტობრივ დამაარსებლად.

მის შრომებში საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მითებისა და ზღაპრების ანალიზი. ამ პოსტში შევეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ “წითელქუდას” ფრომისეული განხილვა, რომელსაც ის ფსიქოანალიზის კუთხიდან ახორციელებს. ზღაპარი, რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანისთვის ძალიან ნაცნობია, ამიტომაც მისი აქ მოყვანით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ შეფასებაზე გადავალ.

„წითელქუდას“ მაგალითზე შეგვიძლია მოვახდინოთ ფროიდის შეხედულებების ილუსტრაცია და იმავდროულად მივსდიოთ ქალურ და მამაკაცურ საწყისებს შორის კონფლიქტის თემების ვარიაციებს.

სიმბოლოთა უმრავლესობა ამ ზღაპარში ადვილი ასახსნელია. წითელი ხავერდის ქუდი – ეს არის მენსტრუაციის სიმბოლო. პატარა გოგონა, რომლის თავგადასავალზეც ზღაპარშია მოთხრობილი, იქცევა მოწიფულ ქალად და პირველად ეჯახება სქესობრივი ურთიერთობების პრობლემებს.

ნათელია, რომ გაფრთხილება ტყეში გზიდან არ გადაუხვიო, რათა არ წაიქცე და არ გატეხო ბოთლი – ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სქესობრივი კავშირის დამყარება და ქალწულობის დაკარგვა სახიფათოა.

გოგონას დანახვისას მგელს სექსუალური მადა გაეხსნა. ის ცდილობს მის ცდუნებას და სთავაზობს მიმოიხედოს ირგვლივ და ყური დაუგდოს, თუ როგორ საამურად გალობენ ჩიტები. წითელქუდა უჯერებს მგელს და უფრო და უფრო ღრმად შედის ტყეში. ამასთან ერთად ის აკეთებს ადამიანისთვის მეტად დამახასიათებელ რამეს – ცდილობს საკუთარ საქციელს რაციონალური გამართლება მოუძებნოს და არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ის არაფერს ცუდს არ აკეთებს და ბებია მხოლოდ მოხარული იქნება, თუკი ის მას ყვავილებს მიუტანს.

მაგრამ ის მკაცრად ისჯება იმისთვის, რომ არ დაუჯერა დედას და გადაუხვია გზიდან. მგელმა გადაყლაპა ბებია, შემდეგ წითელქუდაც მიაყოლა და კარგად დანაყრებულმა დაიძინა.

ამ მომენტამდე გვეჩვენება, რომ ზღაპარში არსებობს მხოლოდ ერთი მარტივი მორალი – სქესობრივი კავშირი სახიფათოა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია. – რა როლი აქვს აქ მამაკაცს და როგორ არის წარმოდგენილი სქესობრივი ურთიერთობები? სვამს კითხვას ფრომი და თავადვე პასუხობს.

მამაკაცი ზღაპარში წარმოდგენილია შეუბრალებელი და ცბიერი ცხოველის სახით, ხოლო სქესობრივი აქტი აღწერილია, როგორც კანიბალისტური აქტი, რომლის დროსაც მამაკაცი ნთქავს ქალს. ის ქალები, რომელთაც მოსწონთ მამაკაცები და სიამოვნებას იღებენ მათთან სქესობრივი კავშირებით, არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებებს. ეს მოსაზრებები ხაზს უსვამს ქალების მხრიდან ღრმა სიძულვილს მამაკაცებისა და მათთან სქესობრივი ურთიერთობების მიმართ. მამაკაცების მიმართ სიძულვილი განსაკუთრებით კარგად ჩანს ზღაპრის დასასრულში. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქალის ევოლუციურად განპირობებული უპირატესობა მამაკაცთან შედარებით მდგომარეობს მის შესაძლებლობაში შვას ახალი სიცოცხლე. როგორ მოახერხა მგელმა, რომ მისი გარეგნობა სასაცილო ყოფილიყო? მან სცადა ეთამაშა ფეხმძიმე ქალის როლი, რომელსაც მუცელში ცოცხალი არსება ჰყავს (მას ხომ ბებია უკვე გადაყლაპული ჰყავდა). წითელქუდა მგლის მუცელს ქვებით ავსებს (უნაყოფობის სიმბოლო), და მგელი მარცხდება – იღუპება. უძველესი კანონების მიხედვით მგელი დაისაჯა საკუთარი დანაშაულის შესაბამისად: ის დაიღუპა ქვებისგან, რომლებიც უნაყოფობის სიმბოლიზირებას ახდენს და ამით დასამარდა მისი პრეტენზია ფეხმძიმე ქალის როლზე. ამით შეგვიძლია სიმბოლურად ვთქვათ, რომ დასამარებული არის მამაკაცის პრეტენზია, როგორც სიცოცხლის და შთამომავლობის უშუალო გამგრძელებლის.

P.S. ამ ზღაპარში, სადაც მთავარი გმირები ქალების სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელია (მონადირე, რომლიც ზღაპრის დასასრულს ჩნდება მამის პირობითი ხატია, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია), მოთხრობილია მამაკაცის და ქალის კონფლიქტზე. ეს არის ისტორია ქალური საწყისის ზეიმისა. „წითელქუდა“ სწორედ იმით არის უნიკალური, რომ იგი ქალის გამარჯვებით მთავრდება, განსხვავებით ოიდიპოს მეფის (და კიდევ ბევრი სხვა) მითისა, სადაც მამაკაცი გამოდის ბრძოლის ველიდან გამარჯვებული.

ცვატა ბერძენიშვილი

Posted in ფსიქოლოგია | 6 Comments