ერიხ ფრომი: “წითელქუდა”

Image

ერიხ ფრომი მეტად საინტერესო მოვლენაა ფსიქოლოგიის და, კერძოდ, ფსიქოანალიზის ისტორიაში. როგორც ძველი თაობის ფსიქოლოგთა უმრავლესობა, ფსიქოლოგიაში ისიც გვიან მივიდა. თავდაპირველად ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მოიპოვა და შემდგომ ამის გადაწყვიტა ფსიქოლოგიის შესწავლა. ასევე, ფროიდიანელთა აბსოლუტური უმრავლესობის მსგავსად, ისიც პატრიარქალურ ებრაულ ოჯახში აღიზარდა, მართალია ფროიდს პირადად არასოდეს შეხვედრია, მაგრამ მისი შრომები და მოსაზრებები ყოველთვის უდიდეს გავლენას ახდენდა მასზე, იგი ითვლება ნეოფროიდიზმის ფაქტობრივ დამაარსებლად.

მის შრომებში საკმაოდ მნიშვნელოვანია სხვადასხვა მითებისა და ზღაპრების ანალიზი. ამ პოსტში შევეცდები მოკლედ წარმოგიდგინოთ “წითელქუდას” ფრომისეული განხილვა, რომელსაც ის ფსიქოანალიზის კუთხიდან ახორციელებს. ზღაპარი, რა თქმა უნდა, ყველა თქვენგანისთვის ძალიან ნაცნობია, ამიტომაც მისი აქ მოყვანით თავს აღარ შეგაწყენთ და პირდაპირ შეფასებაზე გადავალ.

„წითელქუდას“ მაგალითზე შეგვიძლია მოვახდინოთ ფროიდის შეხედულებების ილუსტრაცია და იმავდროულად მივსდიოთ ქალურ და მამაკაცურ საწყისებს შორის კონფლიქტის თემების ვარიაციებს.

სიმბოლოთა უმრავლესობა ამ ზღაპარში ადვილი ასახსნელია. წითელი ხავერდის ქუდი – ეს არის მენსტრუაციის სიმბოლო. პატარა გოგონა, რომლის თავგადასავალზეც ზღაპარშია მოთხრობილი, იქცევა მოწიფულ ქალად და პირველად ეჯახება სქესობრივი ურთიერთობების პრობლემებს.

ნათელია, რომ გაფრთხილება ტყეში გზიდან არ გადაუხვიო, რათა არ წაიქცე და არ გატეხო ბოთლი – ეს არის გაფრთხილება იმის შესახებ, რომ სქესობრივი კავშირის დამყარება და ქალწულობის დაკარგვა სახიფათოა.

გოგონას დანახვისას მგელს სექსუალური მადა გაეხსნა. ის ცდილობს მის ცდუნებას და სთავაზობს მიმოიხედოს ირგვლივ და ყური დაუგდოს, თუ როგორ საამურად გალობენ ჩიტები. წითელქუდა უჯერებს მგელს და უფრო და უფრო ღრმად შედის ტყეში. ამასთან ერთად ის აკეთებს ადამიანისთვის მეტად დამახასიათებელ რამეს – ცდილობს საკუთარ საქციელს რაციონალური გამართლება მოუძებნოს და არწმუნებს საკუთარ თავს, რომ ის არაფერს ცუდს არ აკეთებს და ბებია მხოლოდ მოხარული იქნება, თუკი ის მას ყვავილებს მიუტანს.

მაგრამ ის მკაცრად ისჯება იმისთვის, რომ არ დაუჯერა დედას და გადაუხვია გზიდან. მგელმა გადაყლაპა ბებია, შემდეგ წითელქუდაც მიაყოლა და კარგად დანაყრებულმა დაიძინა.

ამ მომენტამდე გვეჩვენება, რომ ზღაპარში არსებობს მხოლოდ ერთი მარტივი მორალი – სქესობრივი კავშირი სახიფათოა. მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი გაცილებით რთულია. – რა როლი აქვს აქ მამაკაცს და როგორ არის წარმოდგენილი სქესობრივი ურთიერთობები? სვამს კითხვას ფრომი და თავადვე პასუხობს.

მამაკაცი ზღაპარში წარმოდგენილია შეუბრალებელი და ცბიერი ცხოველის სახით, ხოლო სქესობრივი აქტი აღწერილია, როგორც კანიბალისტური აქტი, რომლის დროსაც მამაკაცი ნთქავს ქალს. ის ქალები, რომელთაც მოსწონთ მამაკაცები და სიამოვნებას იღებენ მათთან სქესობრივი კავშირებით, არ ეთანხმებიან ამ მოსაზრებებს. ეს მოსაზრებები ხაზს უსვამს ქალების მხრიდან ღრმა სიძულვილს მამაკაცებისა და მათთან სქესობრივი ურთიერთობების მიმართ. მამაკაცების მიმართ სიძულვილი განსაკუთრებით კარგად ჩანს ზღაპრის დასასრულში. აუცილებელია გვახსოვდეს, რომ ქალის ევოლუციურად განპირობებული უპირატესობა მამაკაცთან შედარებით მდგომარეობს მის შესაძლებლობაში შვას ახალი სიცოცხლე. როგორ მოახერხა მგელმა, რომ მისი გარეგნობა სასაცილო ყოფილიყო? მან სცადა ეთამაშა ფეხმძიმე ქალის როლი, რომელსაც მუცელში ცოცხალი არსება ჰყავს (მას ხომ ბებია უკვე გადაყლაპული ჰყავდა). წითელქუდა მგლის მუცელს ქვებით ავსებს (უნაყოფობის სიმბოლო), და მგელი მარცხდება – იღუპება. უძველესი კანონების მიხედვით მგელი დაისაჯა საკუთარი დანაშაულის შესაბამისად: ის დაიღუპა ქვებისგან, რომლებიც უნაყოფობის სიმბოლიზირებას ახდენს და ამით დასამარდა მისი პრეტენზია ფეხმძიმე ქალის როლზე. ამით შეგვიძლია სიმბოლურად ვთქვათ, რომ დასამარებული არის მამაკაცის პრეტენზია, როგორც სიცოცხლის და შთამომავლობის უშუალო გამგრძელებლის.

P.S. ამ ზღაპარში, სადაც მთავარი გმირები ქალების სამი სხვადასხვა თაობის წარმომადგენელია (მონადირე, რომლიც ზღაპრის დასასრულს ჩნდება მამის პირობითი ხატია, რომელსაც რეალური მნიშვნელობა არ გააჩნია), მოთხრობილია მამაკაცის და ქალის კონფლიქტზე. ეს არის ისტორია ქალური საწყისის ზეიმისა. „წითელქუდა“ სწორედ იმით არის უნიკალური, რომ იგი ქალის გამარჯვებით მთავრდება, განსხვავებით ოიდიპოს მეფის (და კიდევ ბევრი სხვა) მითისა, სადაც მამაკაცი გამოდის ბრძოლის ველიდან გამარჯვებული.

ცვატა ბერძენიშვილი

This entry was posted in ფსიქოლოგია. Bookmark the permalink.

6 Responses to ერიხ ფრომი: “წითელქუდა”

  1. lui says:

    kargiaaa! momwons

  2. bjork says:

    ძალიან საინტერესო პოსტია მაგრამ რა ვერ გავიგე, რას გვეუბნება ამ ახსნით ფრომი, რომ ავტორმა დაუდო ზღაპარს ეს ქვეტექსტი და სიმბოლოების სახით გადმოგვცა რამდენიმე აქტუალური საკითხი თუ იმას, რომ ზღაპარი უნებურად არაცნობიერ სიგნალებს აძლევს ბავშვს სიმბოლოების სახით ( მაგ: რომ ტყეში გზიდან არ გადაუხვიო -გაფრთხილება იმის შესახებ რომ ქალწულობის დაკარგვა სახიფათოა? )

  3. medi4ka says:

    წითელქუდა არის ზღაპარი იმაზე რომ შესაძლებელია ჩვენ ვიყოთ მიამიტები და მოგვატყუოს სხვამ.. წითელი ფერი ენერგიის სიმბოლოა და არა მენსტრუაციის, გული მერევა ამ სექსისტურ დამოკიდებულებაზე. ძალიან კარგი როლი აქვს მონადირეს… ძლიერია და კეთილი და იმიტომაც გადაარჩენს მიამიტ მხიარულ წითელ ქუდიან გოგონას და მოხუც სუსტ მოსიყვარულე ბებოს…

    • ბლაბლაბლა says:

      რა შუაშია აქ “სექსისტური დამოკიდებულება”?

      • Suzzie says:

        კომენტარის ავტორს “სექსუალური” ჰქონდა მხედველობაში, თავს რატომ ისულელებთ? ნეტავ როდის მორჩებიან ეს ფსიქოანალიტიკოსები თავისი ბინძური გონებით ამ მიამიტურ თემებზე გულისამრევი ფანტაზიების შეთხზვას, რაც უპირველეს ყოვლისა მათი ამორალური და დევიაცური გონების ნაყოფია.

      • მორჩენილები არ არიან? სადღა არიან კლასიკური გაგებით ფსიქოანალიტიკოსები?

Leave a comment