ამბავი ერთი წიგნისა

ბავშვობიდან მიყვარდა ძველი, გაცრეცილი წიგნები, გაყვითლებული და ალაგ-
ალაგ დახეული ფურცლებით, ყოველთვის უფრო საინტერესოს შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემთვის, ნუ, წაკითხვამდე მაინც, რაღაც სხვანაირი სურნელი ასდიოდა და სულ სხვა, განსაკუთრებულ შეგრძნებებს განმაცდევინებდა. ერთ დღესაც, მამაჩემის წიგნების უზარმაზარ კარადაში მორიგ საკბილოს ვეძებდი, როდესაც ერთ ასეთ წიგნს წავაწყდი, გარეგნულად ყველანაირად აკმაყოფილებდა ზემოთ ნახსენებ სტანდარტებს, სათაურიც მომეწონა – „დანაშაული და სასჯელი“. ავტორი? ფ.მ. დოსტოევსკი, სახელი სადღაც გამიგია, ვიღაცეებს უთქვამთ კიდეც, კარგი მწერალიაო, მაგრამ რადგანაც მე ბავშვობიდან არანაირ ავტორიტეტებს არ ვცნობდი (თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ერთადერთი ავტორიტეტი ლიტერატურის საკითხში მამაჩემი იყო და დღემდე რჩება, არა იმიტომ, რომ მამაჩემია, არამედ თავისი განუზომელი ცოდნის გამო ამ სფეროში), ავტორისადმი სრულიად ინდიფერენტული განწყობით შევუდექი წიგნის კითხვას.
 Image
მოლოდინი? არაფერი განსაკუთრებული, უკეთეს შემთხვევაში ერთ კარგ დეტექტივს ველოდი (გამომდინარე სათაურიდან, თან კონან დოილი ახალი „შეჭმული“ მყავდა და ჯერ კიდევ მისი შთაბეჭდილების ქვეშ ვიყავი), უარეს შემთხვევაში კი გადაწყვეტილი მქონდა, ამას გვერდზე მოვისვრი და რაიმე სხვას წავიკითხავ-მეთქი, არჩევანი დიდი მქონდა.
მოკლედ, წიგნის კითხვა დავიწყე…
რომ დავამთავრე, ფანჯარაში გავიხედე, უკვე თენდებოდა…
დროის გასვლა არც მიგრძვნია. და უცებ გავაცნობიერე, რომ ჩემთვის თურმე აქამდე ლიტერატურა არ არსებობდა, თითქოს არაფერი მქონდა წაკითხული და ახლა ვიწყებდი ნამდვილი ლიტერატურის გაცნობას, ყველაფერი, რაც წამიკითხავს, თურმე უბრალოდ თამაში ყოფილა. ავტორზე გავბრაზდი კიდეც, ჩემი ნების საწინააღმდეგოდ როგორ ჩამითრია ნაწარმოებში, თითქოს მეც ერთი პერსონაჟი ვყოფილიყავი, მეც რასკოლნიკოვთან ერთად განვიცდიდი ყველაფერს და ჩემდაუნებურად საკუთარ თავს მორალური დილემის წინაშე ვაყენებდი: – მე რას ვიზამდი ნეტავ?
ამ ამბის შემდეგ ბევრი წელი გავიდა. მერე სხვა წიგნების ჯერი დადგა: „იდიოტი“, „ყმაწვილი“, „მკვდარი სახლის ჩანაწერები“, „დამცირებულნი და შეურაცხყოფილნი“ და ა.შ. ბოლოს კი დოსტოევსკის შემოქმედების გვირგვინი (ჩემი აზრით) – „ძმები კარამაზოვები“. „დანაშაული და სასჯელიც“ ბევრჯერ წავიკითხე და ყოველი წაკითხვის შემდეგ სულ სხვადასხვა ემოციები და განცდები მეუფლებოდა, სულ სხვადასხვანაირად აღვიქვამდი მას, თუმცა პირველი შთაბეჭდილება განუმეორებელი იყო, თითქოს პირველად ვაკოცე ლიტერატურას და ეს განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვება.
ადამიანებო, რომლებიც ჯერ არ იცნობთ დოსტოევსკის შემოქმედებას, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ ვერ გიტანთ, იმიტომ კი არა, რომ არ იცნობთ, არა, იმიტომ, რომ წინ გაქვთ უდიდესი ბედნიერება და სიამოვნება მისი ნაწარმოებების პირველად წაკითხვისა. და მე მშურს თქვენი, იმაზე უფრო მეტადაც, ვიდრე კაენს შურდა აბელისა.
P.S. ცოტა ხნის წინ ჩემს მეგობართან ვსაუბრობდი დოსტოევსკიზე, კარგა ხნის საუბრის შემდეგ, მეორე ჩემმა მეგობარმა, რომელიც იქვე იყო და გვისმენდა, გვკითხა: „გამაგებინეთ ბოლო-ბოლო, ვინ არის ეს დოსტოევსკი, ის მაინც მითხარით, რომელ საუკუნეში მეფობდა?“
ასეთი ადამიანების ნამდვილად არ მშურს…
This entry was posted in Uncategorized. Bookmark the permalink.

5 Responses to ამბავი ერთი წიგნისა

  1. მომწონს, მომწონს!
    და ველი ახალ-ახალ პოსტებს 🙂

  2. Isaac Clarke says:

    აბა შენ იცი ცვატა. მიაწექ საქმეს

  3. mariam says:

    ჩემი შთაბეჭდილებები გამახსენდა…პირველი წიგნი,რომელმაც უდიდესი გავლენა მოახდინა ჩემს პიროვნებაზე ^_^ იმედია ახალი პოსიც მალე იქნება 🙂

Leave a comment